ნატოს დღეების ფარგლებში სემინარი „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ გაიმართა

ოქტომბერი 28, 2019

28-29 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში ორდღიანი სემინარი: „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ იმართება.

სემინარი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსებისთვის სამუშაო შეხვედრების გამართვას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული გზავნილების გავრცელების, პოლიტიკის შემუშავებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად ეფექტური კომუნიკაციის ქსელის შექმნას.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ჩართულობის სექციის პროგრამის ოფიცერმა დესპინა აფენტოულიმ.

თამარა წულეისკირმა სიტყვით მიმართვისას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ზოგადად საჯარო მოხელეების ჩართულობასა და მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ სამიზნე ჯგუფთან კოორდინირებული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ნატოსთვის კომუნიკაციის როლსა და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე, საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, კიბერთავდაცვასა და ამ მხრივ ნატოს მიდგომებზე.