ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ბათუმში სტუდენტებს შეხვედრა

მარტი 5, 2024

05.03.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი შეხვდა.

ალექსანდრე ვინიკოვმა ახალგაზრდებს ნატოს მიზნების, პრინციპებისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ასპექტები და პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების დინამიკას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებისთვის შეკითხვებს უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს დაარსებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და კამპანიის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისგან მოისმენენ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგულარულად ატარებს სამიზნე ჯგუფების სპეციფიკაზე მორგებულ საინფორმაციო კამპანიებს, საჯარო ღონისძიებებს, სემინარებს და შემეცნებით აქტივობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სტუდენტები და ახალგაზრდული ჯგუფები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ, რადგან მნიშვნელოვანია მათი ცოდნის გაღრმავება დასავლური ინტეგრაციის, მიმდინარე პროცესების, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.