ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
აპრილი 22, 2024

22.04.24 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა, პოლონელმა დიპლომატმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური მრჩეველმა არკადიუშ ლეგიეჩმა და რუმინელმა დიპლომატმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯორჯ პელეშტეანუმ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს ისტორიაზე, ნატოს ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტს ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.