ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები ეწვივნენ
თებერვალი 16, 2023
16.02.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს პროექტის „Strengthening of cooperation and mutual understanding between Czechia and Eastern Partnership: youth engagement in civic and political affairs” ფარგლებში ჩეხი, უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი სტუდენტების დელეგაცია ეწვია.
სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე შეხვდა და ცენტრის მიზნებზე, საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებს.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ევროკავშირის დაფინანსებით და ჩეხურ ორგანიზაციასთან “European Values Center for Security Policy” თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მიზანია ევროკავშირისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) შორის ურთიერთობების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და კავშირების გამყარება. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია სემინარები და სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა საელჩოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.