ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პროექტის, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, გახსნითი ღონისძიება გაიმართა
აპრილი 4, 2024
04-06.04.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან 50-მდე ახალგაზრდას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, თამარ სირბილაძემ მიმართეს.
თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაში ახალგაზრდების როლსა და მათთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ახალგაზრდები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია როგორც მათი ინფორმირება დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე, აგრეთვე მათი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისითაც. შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა გადამოწმებულ და ამომწურავ ინფორმაციაზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე“.- განაცხადა თამარა წულეისკირმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ორენოვანი ახალგაზრდების როლზე საინფორმაციო კამპანიის მიზნების მისაღწევად, იმ დასახლებებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების ხაზგასმასთან ერთად, აღნიშნა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა. თავის მხრივ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა თამარა სირბილაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი პროექტების პრიორიტეტულობასა და დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა ახალგაზრდებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ჰარმონიული, თანასწორი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარების მექანიზმი.
პროექტის მომდევნო ფაზა გულისხმობს ადგილსამყოფელ რეგიონებში, ახალგაზრდების მიერ უკვე დამოუკიდებლად შეხვედრების გამართვასა და თანატოლებისათვის კურსის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის გაზიარებას. საინფორმაციო შეხვედრების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მიმდინარე მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთი მიმართულებებით როგორიცაა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები, ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირების მიზნები, მედიაწიგნიერების როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით და ეფექტიანი პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები.
პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ 2017 წლიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის თანაორგანიზებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.