ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძანის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 13, 2024
13.02.24 – სოფელი განძანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძანის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს კი მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.