ონის ბიბლიოთეკაში შშმ პირების ჩართულობით შეხვედრა გაიმართა

ივნისი 14, 2022

14.06.22 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ონის ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ ონისა და მიმდებარე სოფლების ბიბლიოთეკის თანამშრომლები, შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ონის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანა ერისთავმა და დამსწრეებს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის მნიშვნელობა გააცნო, ასევე, ისაუბრა თანასწორი გარემოს მნიშვნელობასა და შშმ პირთა შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებლობაზე.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები და პროექტები სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრის დაწყებამდე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანა ერისთავმა, სოფელ სორში მცხოვრები ორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მოინახულა და მათ საინფორმაციო მასალა და მხატვრული ლიტერატურა გადასცა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.