ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 18, 2022
18.11.22 – ონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და შეხვედრის მიზანი გააცნო. ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მოქალაქეების ინფორმირების მნიშვნელობასა და მათ ჩართულობას.
მოწვეულმა ექსპერტმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ვრცლად ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიისა და მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ ასპექტებს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობას, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობას და სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო მოხელეები ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ასევე, ონის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, სამხატვრო სკოლის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.