ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 29, 2022

29.07.22 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

მოწვეულმა მომხსენებელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა და ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ მკვლევარმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, რეგიონულ გამოწვევებზე, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და ონის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.