ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ერთდღიანი ტრენინგი გაიმართა

ივლისი 26, 2022

26.07.22 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მეგობრობის ხიდის „ქართლოსი“ ერთობლივი ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ერთდღიანი ტრენინგი გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ტრენინგის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის, მიზნების, ამოცანებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეების წინაშე მოქალაქეთა გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობა, დასავლური ღირებულებებისა და ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ.

შეხვედრის დასასრულს ტრენინგის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური მასალები გადაეცათ.

სემინარები პროექტის „ცხინავლის რეგიონის გარშემო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თვითმმართველი თემების განვითარება და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა. პროექტს საქართველოში „ SlovakAid” – ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, სლოვაკური ორგანიზაცია „MESA10“ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.