ონის სკოლის მოსწავლეებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 26, 2023
26.10.23 – ონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ცენტრის სტაჟორთან ქეთევან აბუთიძესთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თემებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების საკითხებზე, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ხელშესახები სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული.
დასასრულს, გაიმართა მცირე ვიქტორინა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.