ონლაინ შეხვედრა კოლეჯის “ახალი ტალღა” ხულოს ფილიალის სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან
მარტი 26, 2021
26.03.21 – ხულო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხულოს ფილიალის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელზე, პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და სექტორული თანამშრომლობის უპირატესობებზე, ევროკავშირის მიერ ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შეთავაზებაზე, მათ შორის სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის გათვალისწინებულ გაცვლით პროგრამებზე.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ კოლეჯის ლექტორ-მასწავლებლები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლები და აუდიტორიას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ პროექტებზე ესაუბრნენ, რომლებიც ხულოს მუნიციპალიტეტში ეფექტიანად განხორციელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.