ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 14, 2022

14.09.22 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების“ თანამშრომლებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ მონაწილეებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია – უმთავრესი მიღწევები და გამოწვევები, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში არსებული შესაძლებლობები, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის ისტორიული მნიშვნელობა.
გარდა ამისა, მომხსენებელმა, ასევე, აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.