ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 3, 2021
03.09.21 – ოზურგეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ორგანიზებით, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის“ თანამშრომლებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, საქართველო – ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ასეთი პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს.
ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ამ საქმიანობის პრიორიტეტების გამოკვეთისას, ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანად წარმოების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.