ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 28, 2022
28.04.22 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
60-ზე მეტ მონაწილესთან სამართლის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის ამოცანებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით შეიძლება მიიღოს, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს და დააკმაყოფილოს განმცხადებელმა სახელმწიფომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მოსაპოვებლად.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, რომელმაც ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.