ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 21, 2022

21.09.22 – სოფელი კონჭკათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.