ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 24, 2021

24.09.21 – ოზურგეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიისა და ნატო – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო – საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე, საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირებისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.