ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 9, 2021

09.09.21 – ოზურგეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, საქართველო – ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს.
მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირებისა და ამ მიმართულებით სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.