ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აპრილი 29, 2022
29.04.22 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე და სხვა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.