ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
იანვარი 28, 2022

28.01.22 – სოფელი შემოქმედი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ნატო – საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიისა და ნატო – საქართველოს თანამშრომლობის / პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო – საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ნატო-ს როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირებისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.