ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 7, 2022

07.10.22 – სოფელი მთისპირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს, ასოცირების შეთანხმების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.