ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 26, 2022

26.09.22 – სოფელი ბაილეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ამ პროცესში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.