ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 6, 2022
06.06.22 – სოფელი დვაბზუ
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ეტაპებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილ განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.