ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აპრილი 28, 2022
28.04.22 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს ევროიტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სამართლის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ამოცანებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით შეიძლება მიიღოს. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებს.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, რომელმაც მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.