ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 29, 2021

29.09.21 – ოზურგეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, Erasmus + პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საქართველოს მოქალაქეთა გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და განმტკიცების მნიშვნელობაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის მიმართ.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირებისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.