ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებისთვის ევროკავშირი საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

თებერვალი 16, 2022

16.02.22 – ოზურგეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროგაერთიანების სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები. ყურადღება გამახვილდა ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, მის პირობებსა და სიკეთეებზე.

შეხვედრას, რომელსაც 80-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.