ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 22, 2022

22.11.22 – დაბა ნასაკირალი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის ფუნქციონირების, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის, ამ პროცესში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებს, ასევე, იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან საბოლოო წევრობამდე განმცხადებელი ქვეყნის მიერ გასავლელ გზაზე, გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის აუცილებლობაზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები დაურიგდათ.