ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივლისი 21, 2022

21.07.22 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლები, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ქრონოლოგიასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია, რომელმაც მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.