ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სათემო ცენტრების წევრებსა და მოხალისეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 27, 2021
27.11.21 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის, მერიისა და ნატანების სათემო ცენტრების წევრებსა და მოხალისეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიისა და ნატო – საქართველოს თანამშრომლობის/პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო – საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირებისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.