ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციიის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 14, 2023

14.06.23 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისა და მენტორი პედაგოგისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, შეხვედრაზე ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღებული პრაქტიკული სიკეთეები და სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.