ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 31, 2023

31.10.23 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რაც საქართველომ ხელშეკრულების შედეგად მიიღო. ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და წევრობისაკენ მიმავალ გზაზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებსა და პროცედურებს.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.