ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 22, 2024

22.02.24 – ქალაქი ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლებისა და მერის წარმომადგენლებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად მიმოიხილა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველო – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო პრაქტიკული სარგებლის, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად მომდინარე საფრთხეებისა და მასთან ბრძოლის აუცილებლობის საკითხები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.