ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 22, 2024

22.04.24 – სოფელი ჭანიეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საქართველოს ევროპული კურსის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და მისი თანაშემწეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიის, მისი გაფართოების ეტაპების, ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ხელშესახები შედეგების, აგრეთვე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებსა და პროცედურებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.