ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა

აპრილი 25, 2024

25.04.24 – სოფელი ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიის, ასევე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების, ერთობლივი პროგრამების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატოს პოლიტიკის დინამიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიურ ზეგავლენასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან / გამოწვევებთან არგუმენტირებული ბრძოლის აუცილებლობის საკითხებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.