ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 15, 2024

15.05.24 – ოზურგეთი

„ევროპის დღეები 2024“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის“ ინიციატივით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და ამავე ბიბლიოთეკასთან არსებული „ამერიკული თაროს“ ბენეფიციარებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის, ამ პროცესში მოპოვებული კანდიდატის სტატუსისა და ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.