ქალაქ ოზურგეთის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 11, 2023

11.05.23 – ოზურგეთი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს, ასოცირების შეთანხმების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.