ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯში „ჰორიზონტი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 23, 2023

23.05.23 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ პედაგოგებსა და მსმენელებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც 30 მონაწილე ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გახსნა და ცენტრის საქმიანობასა და საზოგადოებისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე, საქართველო-ევროკავშირისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ გამოწვევებზე, რაც ამ პროცესს ახლავს თან. გარდა ამისა, მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმა და მისი შესრულების მდგომარეობა, დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეები და მასთან ბრძოლის აუცილებლობა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.