პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო!

ივლისი 22, 2023

22.07.23 – რაჭა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭაში პროექტი “ევროპული არდადეგები“ საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნაზე ახალგაზრდებს ბანაკის ხელმძღვანელებმა მიმართეს და ბანაკის პროგრამა გააცნეს.

აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიკა კვარაცხალიამ პროექტის “ევროპული არდადეგები” ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და დასავლური ინტეგრაციის თემებზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გახსნის ცერემონია სახალისო აქტივობებითა და საცეკვაო ნომრებით დასრულდა.

პროექტში აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

„ევროპული არდადეგები“ უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში; ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.

ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალგაზრდები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ ცოდნას და მიიღებენ მონაწილეობას საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.