პროექტი „ევროპული არდადეგები“ დასრულდა
ივლისი 26, 2023
26.07.23 – რაჭა
პროექტი „ევროპული არდადეგები“, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა დახურვის საზეიმო ცერემონიით დასრულდა.
პროექტის დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ გიგაურმა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და შაორის ახალგზარდული ბანაკის ხელმძღვანელმა ანა ბუხრაშვილმა.
თავის გამოსვლაში რუსლან აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაციისა და მათი ქვეყნის განვითარების პროცესებში ჩართვაზე.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ გიგაურმა ცენტრის საქმიანობის მიზნებსა და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის შესახებ ახალგაზრდების ჩართულობისა და ინფორმირების მნიშვნელობას.
ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე მოწვეულმა ბენდმა “რეზო და ბავშვები” სპეციალურად მონაწილეებისთვის კონცერტი ჩაატარა.
პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, მეოთხე წელია იმართება.
ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები, გაიღრმავეს ცოდნა და მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.
ახალგაზრდები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ და მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების-ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია.