პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება
ივლისი 23, 2023
23.07.23 – რაჭა
პროექტის “ევროპული არდადეგები” ფარგლებში, ბანაკის მეორე დღეს ახლაგაზრდებს სპორტულ და გასართობ აქტივობებთან ერთად შემეცნებითი სემინარები ჩაუტარდათ.
მონაწილეებს სქილვილ (skillwill) აკადემიის დირექტორმა გიგი გიორგაძემ მომავლის პროფესიებსა და დღევანდელ ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში ამ პროფესიების დაუფლების შესაძლებლობებზე ესაუბრა. ასევე, განიხილეს მომავლის პროფესიებს შორის დღესდღეობით რამდენი მიმართულება არსებობს და ამ მხრივ რა როლი აქვს პროგრამირებას, ციფრულ მარკეტინგსა თუ ხელოვნურ ინტელექტს.
ბანაკის ფარგლებში მოწვეულმა მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ანი გვეტაძემ, ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ინფორმაციის სახეობებზე, ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.
შეხვედრების დასრულების შემდეგ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის?, სადაც კითხვები ნატოსა და ევროკავშირის თემატიკას ეხებოდა.
ინფორმაციისთვის: პროექტი “ევროპული არდადეგები” საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
პროექტში აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში; ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.