პროექტი “ევროპული არდადეგები” იწყება
ივლისი 22, 2023
22-26 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭაში პროექტი “ევროპული არდადეგები“ გაიმართება.
პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა მიიღებს.
„ევროპული არდადეგები“ უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში; ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.
ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალგაზრდები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ ცოდნას და მიიღებენ მონაწილეობას საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.