პროექტი – „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა!
მაისი 19, 2023

19.05.23 – თბილისი
„ევროპის დღეები 2023“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. პროექტში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 60 მასწავლებელი მონაწილეობს. პედაგოგები ორი დღის განმავლობაში საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის დინამიკასა და მის თანმდევ პროცესებზე მიიღებენ ინფორმაციას.
სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გახსნეს.
თამარა წულეისკირმა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგების ცოდნის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობას:”პედაგოგები – საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს, რადგან სწორედ პედაგოგს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ახალგაზრდების მსოფლმხედველობისა და ღირებულებებითი სისტემის ჩამოყალიბებაში. ამის გათვალისწინებით, საინფორმაციო ცენტრის წლის მანძილზე პედაგოგებისთვის მრავალრიცხოვან აქტივობას ახორციელებს. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ პედაგოგების მხრიდანაც ძალიან მაღალია დაინტერესება. წელს, სემინარში მონაწილეობის მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი, 1800-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა“. – განაცხადა თამარა წულეისკირმა.
თავის მხრივ ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგებისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების – ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, ინტეგრაციის პროცესის და მისი თანმდევი პასუხისმგებლობების შესახებ თანმიმდევრული ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობაზე და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სემინარის პირველი დღის მომხსენებლები იყვნენ: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი დირექტორი დავით ბუჯიაშილი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მრჩევლი ნათია გვენეტაძე და ლიტერატურათმცოდნე გია არგანაშვილი.
პირველი დღის ფარგლებში, მოწვეულმა ექსპერტებმა ევროკავშირისა და ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, მისიასა და მიზნებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე და ევროპულ და ქართულ საერთო ღირებულებებზე ისაუბრეს.
პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებსა და ევროპული ფასეულობების შესახებ პედაგოგების ცნობიერების ამაღლება და კომპეტენციის გაზრდა. შემდეგ ეტაპზე ბენეფიციარები წლის მანძილზე დამოუკიდებლად განახორციელებენ პროექტებს საჯარო სკოლებში არაფორმალური განათლების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროექტი უკვე მერვედ ხორციელდება. 2014 წლიდან დღემდე, ჯამში, 750-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა, 400-ზე მეტი პროექტი განხორციელდა და გამარჯვებული პროექტების 50 ავტორი (პედაგოგი) ლატვიასა და ესტონეთს სასწავლო ვიზიტით ეწვია.