პროექტის „ახალგაზრდული კონგრესი” მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 10, 2023

10.09.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

კონგრესის მიზანია ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების ერთ სამუშაო სივრცეში გაერთიანება და ინფორმაციის დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა.

ღონისძიების ფარგლებში, 2023-2026 წლებისთვის სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია, არსებული გამოწვევები, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კონგრესის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებით ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე. ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას.

კონგრესს, აჭარის რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 300-ზე მეტი ახალგაზრდა, პარტნიორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.