პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, ბათუმის სკოლაში შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 20, 2023

20.11.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ირგანიზებით, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, ბათუმის N1 საჯარო სკოლაში დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა თემის „ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა“ მიმოხილვასთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირის დაარსების, ფუქნციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ ისაუბრა; ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე; მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებს, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ მონაწილემ, პედაგოგმა ნონა ჩხაიძემ ახალგაზრდების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე და პროექტის ფარგლებში მათი ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა და მათთან ერთად განიხილა ის საკითხები, რომლებიც მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტებთან იყო დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ „საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.