პროექტის „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 27, 2023
27.11.23 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ირგანიზებით, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, ბათუმის N28 სკოლაში საჯარო სკოლაში დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ვრცლად ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის დაარსების, ფუქნციონირების, მიზნების და პრინციპების შესახებ; საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს; მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებს, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის N28 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩხეიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში ჩართულობის მხარდაჭერასა და მათი მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობას. პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ მონაწილემ, პედაგოგმა ია კიწმარიშვილმა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე ისაუბრა და სადებატო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა და მათთან ერთად განიხილა დებატებისთვის ჩამოყალიბებული არგუმენტები.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.