პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში ჩაქვის სკოლაში შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 17, 2023

17.11.23 – დაბა ჩაქვი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ირგანიზებით, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ვრცლად ისაუბრა ნატოს და ევროკავშირის დაარსების, ფუქნციონირების, მიზნების და პრინციპების შესახებ; საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგების და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს; მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებს, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ მონაწილემ, პედაგოგმა თედო ტაკიძემ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სადებატო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა და მათთან ერთად განიხილა ის ჰიპოთეზები, რომლებიც მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტებთან იყო დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.