პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლაში შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 20, 2023
20.11.23 – სურამი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში, ციკო შაქარაშვილმა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის, გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე ორიენტირებულ პროგრამებზე. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.