პროექტის „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, საჩხერის სკოლაში შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 27, 2023
27.11.23 – საჩხერე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, საჩხერის N2 საჯარო სკოლაშიდებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ საკითხზე „ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა“ ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო, ნატოსა და ევროკავშირის დაარსების, ფუქნციონირების, მიზნებსა და პრინციპებს; ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ. ცენტრის სტაჟიორმა ნინა მიქიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე; მომხსენებელმა, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას და მიზნებს, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ მონაწილემ, პედაგოგმა ნონა ჩხაიძემ ახალგაზრდების სწორად ინფორმირების მნიშვნელობასა და პროექტის ფარგლებში მათი ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა და მათთან ერთად განიხილა ის საკითხები, რომლებიც მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტებთან იყო დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ „საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.