პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 24, 2023

24.11.23 – წალკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, წალკის N1 საჯარო სკოლაში დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა ვრცლად ისაუბრა ნატოს და ევროკავშირის დაარსების, ფუქნციონირების, მიზნების და პრინციპების შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგების და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს. მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებს, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

შეხვედრის მეორე ნაწილში საინფრომაციო ცენტრის სტაჟიორმა, ლანა ხარატიშვილმა, მონაწილეებს გაუზიარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.