პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, წნორის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 27, 2023

27.11.23 – წნორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.წნორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროექტის „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკასა და გაწევრიანების ეტაპებს.

პროექტი, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.